შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი გააკრიტიკა. ამის შესახებ ის თავის სოციალურ ქსელ Truth-ში წერს.
ტრამპმა ნეთანიაჰუ „ომის გმირი“ უწოდა და აღნისნა, რომ ის არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გაწია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, რათა ირანში საშიში ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში დიდი გამარჯვებისთვის მიეღწიათ.
ტრამპი ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესს „პოლიტიკურ დევნას“ უწოდებს, რაც ხელს უშლის მის მოლაპარაკებებს ირანთან და ჰამასთან.
„საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ის ომის გმირია და პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფანტასტიკური სამუშაო გაწია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, რათა ირანში საშიში ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში დიდი წარმატება მოეტანა. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა ჰამასთან მოლაპარაკებების პროცესშია, რაც მძევლების დაბრუნებასაც მოიცავს. როგორ არის შესაძლებელი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მთელი დღე სასამართლო დარბაზში იჯდეს არაფრის გამო. ეს ძალიან ჰგავს ჯადოქრებზე ნადირობას, რომლის ატანაც მე მომიწია. „სამართლიანობის“ ეს ფარსი ხელს შეუშლის როგორც ირანის, ასევე ჰამასის მოლაპარაკებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიგიჟეა, რასაც კონტროლიდან გასული პროკურორები ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში მილიარდობით დოლარს ხარჯავს, გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, ისრაელის დასაცავად და მხარდასაჭერად. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ ახლახანს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან ერთად — და ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს გამარჯვებას. გაუშვით ბიბი, მას დიდი სამუშაო აქვს გასაკეთებელი!, - წერს ტრამპი
გასული წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მათ ბრალი ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში.
დეკემბერში ნეთანიაჰუ პირველად წარსდგა მოწმის სახით კორუფციის ბრალდებით დაკავებულ სასამართლო პროცესზე.