ამ რეჟიმის პირობებში საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია - ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე, ამ ნახევრად ჩამოშლილ რეჟიმს, მივცეთ ის გამარჯვება, რაც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე - პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ პირობებში დღეს ვინმეს თუ აქვს რამის იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე არ მესმის, ვერ ვხედავ. შეიძლება, რაღაც არ ვიცი და ამიტომ ვერ ვხედავ.
როგორ შეიძლება ამან გამარჯვება მოიტანოს და არა იმედგაცრუება იმ საზოგადოებაში, რომლებიც ამდენი თვეა, იბრძვიან. როგორ შეიძლება, შეხვიდე არჩევნებში, როდესაც არა მხოლოდ აქტივისტები არიან ციხეში, არამედ პოლიტიკური ლიდერებიც.
პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?! პასუხისმგებლობა თუ რამე არის პოლიტიკური პარტიების, არის ის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა და სიტუაციის კარგად გაგება არის აუცილებელი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა.
მეხუთე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ასეთ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში გასვლის აზრს ვერ ვხედავს.
რეალურად, არაფერზე დაკვირვებას ვერ შეძლებენ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან იშვიათად თუ მოდიან ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - დიასპორა არ იღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.