"საქართველო ნათელი მაგალითია, იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.
"საქართველო ნათელი მაგალითია, იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს. როცა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა მოხდება.
მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით გამოდის, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ქვეყნის დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს, ისევე როგორც ბოლოს მიღებული კანონები მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს", - თქვა მან.
კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანი და ამასთანავე დასძინა, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში სრული პასუხისმგებლობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკისრება.
"ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ - გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, პროტესტის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ ამას ისევ და ისევ გავაკეთებთ.
პასუხისმგებლობა სრულიად საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კურსი იცვალოს დემოკრატიულმა დაღმასვლამ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს", - განაცხადა მარტა კოსმა.