"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესი მისი დამოუკიდებლობის გარანტიას ვერ უზრუნველყოფს და იგი უნდა შეიცვალოს.
ამის შესახებEდავით საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის, მზარდი ინფლაციის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობასა და სახელმწიფოს ზეწოლისგან მის გათავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის არსებული წესი კი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ მის პრაქტიკულად ერთპიროვნულ დანიშვნას ითვალისწინებს, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მთავრობისაგან მის დამოუკიდებლობას.
"პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული ბიზნესომბუდსმენი ვერ შეძლებს, დაიცვას ბიზნესის ინტერესები. ამასთან, იგი რეალურად ვერ შეცვლის ბიზნესის ტერორის, ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ვითარებას,"_აღნიშნა საგანელიძემ.
„ახალი მემარჯვენეები" მოითხოვენ, ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესი საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს. ამასთან, მისი თანამდებობაზე დანიშვნა მოხდეს არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის წარდგენით, რომელიც თავის მხრივ, კანდიდატურას სამოქალაქო საზოგადოების, თვით ბიზნესწრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე შეარჩევს.