„საქართველოს ბანკმა“ (BOG) თავისი ბარათებით რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფუფუნების მაღაზიაში 300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვების განხორციელება აუკრძალა. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეზღუდვები შემოღებულია საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, რომლებიც კრძალავს რუსეთში ფუფუნების პროდუქციის მიწოდებას, რომლის ღირებულებაც აღემატება მითითებულ ოდენობას.
საკრედიტო ინსტიტუტის წარმომადგენელმა RBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა არა მხოლოდ ბანკის ინიციატივაა, არამედ მარეგულირებლის მოთხოვნაა (მას არ დაუკონკრეტებია, რომელი მარეგულირებლის).
300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვები დაიბლოკება გამყიდველის MCC-კოდის გამოყენებით. ეს იდენტიფიკატორები ერთნაირია მსოფლიოს კომპანიებისთვის.
ფუფუნების ნივთების შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები რუსებს რომის, ნიცის და დუბაის ექმნებოდათ, თუმცა ასეთი შემთხვევები ეპიზოდური იყო.
როგორც RBC აღნიშნავს, ეს „დიდი პრეცედენტია“, რადგან ფუფუნების ნივთებზე სანქციებს პირველად ბანკი გააკონტროლებს.
„ადრე თავად ბუტიკები (მაგალითად, Chanel) ცდილობდნენ მათ დაცვას, მაგრამ მათთვის ძალიან რთული და შრომატევადია რუსების იდენტიფიცირება სალაროში. BoG-ის გადაწყვეტა საშუალებას მისცემს ამის ავტომატურად გაკეთებას“, - წერს გამოცემა.