ქუთაისში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია "ინფო იმერეთმა” გაავრცელა.
"თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია. საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ”, – განაცხადა“ინფო იმერეთთან” იურიდიული დახმარების სამსახურის, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანთან საქმეთა იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა, ადვოკატმა გელა სიორდიამ.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.