გერმანიის ელჩი ცდება, როცა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან რაიმე ფორმით ევროკავშირზე თავდასხმა ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ამავე დროს მისი დამოკიდებულება საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ იმის მცდელობაა, მოსახლეობის ნება-სურვილის ნიველირება მოხდინოს და ეს ყველაფერი გლობალური ნეგატიური ძალების სასარგებლოდ იყოს გადატანილი. ეს ძალიან სამწუხაროა.
მას მოვუწოდებდი, კარგად გაიაზროს მოვლენათა განვითარების ის ჯაჭვი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით განვითარდა – როგორ იყენებდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს წინააღმდეგ ინსტუმენტად, რათა საქართველო მისთვის დამღუპველ პროცესებში ჩართულიყო. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია ამ კუთხით ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვნახეთ, როგორ მირძანდებოდნენ ანტისახელისუფლო მიტინგებზე, სადაც რადიკალები საკუთარ ზრახვებს ამზეურებდნენ, როგორ იდგნენ ტრიბუნასთან და მოუწოდებდნენ საზოგადოებას ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა თანამდებობის პირები.
ჩვენ თუ რაიმე ფორმით ურთიერთობების გართულებაზე ვსაუბრობთ, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა ევროკავშირის ბიუროკრატიასა და მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ, სადაც ანატიქართული რიტორიკა ჭარბობს. ეს არის მიზეზი და კარგი იქნება, თუ მიზეზს სწორად მოძებნიან. ფაქტი, რომ ელჩი რადიკალებს ასევე კულუარულად ხვდება, ბევრ რამეზე მეტყველებს. რაკი არის შეხვედრის თემების დამალვის და მასზე ჩუმად საუბრის საჭიროება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ის საკითხებია, რაც რადიკალებს აღელვებთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.