ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო.
შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
კომიტეტის სხდომაზე უკრაინის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გადასცეს, რომელშიც ის ტრიბუნალის დაფუძნების თხოვნით გამოდის.
სპეცტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა.
„მინისტრები მიესალმნენ უკრაინისთვის სარჩელების კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, უზრუნველყონ რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნება. მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას, კერძოდ, „მდგრადობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია 2023-2026“ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ უფრო წინ წაიწიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.