"ქორთიარდ მარიოტში" მომხდარ მკვლელობაში არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მათი განცხადებით, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს საფრანგეთის მოქალაქის - სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, საკუთარ ნომერში, დანის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოჰს. კოჰი ადგილზე გარდაიცვალა.
"ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან მოიპარა სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული დაკავებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოპარული ნივთები.
შსს დაკავებულის ეროვნებასა და სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.