მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია.
"ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, მას შემდეგ, რაც მას საქართველო შეუერთდა, ჩვენი შიდა კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მას პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისთვის ევროპის კონვენცია შორეულ და უცხო მოცემულობად დარჩა. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა და ევროპის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უამრავი საჩივარი", - განუცხადა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
ბესელია იზიარებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვეციასთან შეუსაბამოა, რაც იწვევს ევროპის კონვენციის მუხლების დარღვევას.
"მეორეს მხრივ კი, ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ ნებას დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა, რომლის შედეგია მოჭარბებული საჩივრები ევროპის სასამართლოში", - განმარტა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ათი ქვეყანა დაასახელა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ირღვევა, საქართველო კი იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთა შიდა კანონმდებლობაც კონვევნციასთან მნიშვნელოვნად შეუსაბამოა.