ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა უჩივლა და მისგან 10 000 ლარს ითხოვს.
წილოსანი მისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
საქმე ეხება ლევან ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ფილოსოფოსი წილოსანის მამაზე წერდა.
ამ პოსტს 13 თებერვალს უპასუხა ნინო წილოსანმა და დაწერა, რომ თუ ღამბაშიძე 65 მილიონის მოპარვის „ცრუ ბრალდებას საჯაროდ არ უარყოფს“, სასამართლოში შეხვდებოდნენ“.
დღეს, 6 მაისს, ლევან ღამბაშიძემ დაწერა, რომ ნინო წილოსანი მისგან 10 000 ლარს და ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
„ბედი ხო არაფერში არ მაქვს. ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდე წილოსანმა მიჩივლა და ათი ათას ლარს მთხოვს და კიდე უნდა ვთქვა, რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც ქოცების პროკურატურა ამტკიცებდა ათ წელზე მეტ ხანს.
არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონთმშენებლისაგან. თქვენც ხომ არ გსმენიათ, რომ მის ოჯახს 65 მილიონი ჰქონოდეს მოპარული ვაგონთმშენებლისაგან? თუ რამე იცით, იმის შესახებ, რომ წილოსანის ოჯახს ვაგონთმშენებელი ქარხნის საშუალებით 65 მილიონი აქვს მოპარული, კომენტარებში ჩამიყარეთ, იქნებ გამომადგეს სასამართლოში. ჯერ რაღაცა უნდა ჩავიბარო და მეტი დეტალი მერე მეცოდინება“, - დაწერა ღამბაშიძემ.
2013 წელს საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონიანი ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" დამფუძნებელი ბადრი წილოსანი [ნინო წილოსანის მამა], გენერაური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.
დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, მათ შორის, იყო წილოსანის მამა ბადრი წილოსანი და ვლადიმერ აბულაძე, ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე. 2023 წელს საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის 4 სექტემბერს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა მეორე ინსტანციამაც.