ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონდა საუბარი – ორივე ქვეყნის მიზანია, მშვიდობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები ურთიერთსასარგებლოდ გამოვიყენოთ. ახალი ადმინისტრაციის სურვილებს და ინტერესებს თუ უპირისპირდებიან, ესეც საჯაროდ განაცხადონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს განიხილავს.
„ამ კონგრესმენებს არაერთხელ ავუხსენით, ჩვენი პოლიტიკის მიზანი რა არის. მიზანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. მათი საქმე ისეა, „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, გამიშვი, ცხვარი წავიდაო“. იმავეს მაინც აგრძელებენ. ამ აქტის რიტორიკაა, რომ ქვეყანა უდიდესი რისკების წინაშე დადგება ეკონომიკური თუ სამხედრო დაპირისპირების თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, იმავეს აგრძელებენ ჯიქურ და ჯიუტად. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მკაფიოა, რა არის ჩვენი და რა – მათი პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა, ხოლო მათი სურვილი და პოლიტიკა ისაა, რაც დაუკვეთეს და გადაუხადეს. აგენტების კანონით მალე გამოჩნდება, რომ მათი პოლიტიკაა აურზაურისა და დაპირისპირების შემოტანა. ამიტომ, როგორც უნდათ, გააგრძელონ. სხვათა შორის, ამაზე ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონდა საუბარი – ორივე ქვეყნის მიზანია, რომ მშვიდობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები ურთიერთსასარგებლოდ გამოვიყენოთ. ისინი ახალი ადმინისტრაციის სურვილებს და ინტერესებს თუ უპირისპირდებიან, ესეც საჯაროდ განაცხადონ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვის პროცესის დაწყებას.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.