ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხ მოქმედ დეპუტატს და ერთ ყოფილ რუს პარლამენტარს.
ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, აკრძალვის მიზეზი აღნიშნული პირების მიერ ყაზახეთისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ შეურაცხმყოფელი და მტრული განცხადებების საჯაროდ გავრცელება გახდა.
შავ სიაში შედიან სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიაჩესლავ ნიკონოვი, პარტია „ედინაია როსიას“ დეპუტატები ევგენი ფიოდოროვი და კონსტანტინ ზატულინი, ასევე „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი და სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი.
ტოლსტოიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის შემდეგ, ყაზახეთი შეიძლება რუსეთისთვის „შემდეგი პრობლემა“ გახდეს. მან ალმატი „რუსების მიერ აშენებულ ქალაქ ვერნად“ მოიხსენია და ყაზახეთი რუსეთისგან დისტანცირების მიზნით „საკუთარი ისტორიის გამოგონების“ მცდელობაში დაადანაშაულა.
ნიკონოვმა სამთავრობო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ყაზახეთი უბრალოდ არ არსებობდა“ და თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორია „რუსეთისა და სსრკ-ს საჩუქარად“ მოიხსენია.
ფიოდოროვმა მხარი დაუჭირა ნიკონოვის განცხადებებს და განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, უფლება აქვს მოითხოვოს ყაზახეთისგან ტერიტორიების დაბრუნება.
გარდა ამისა, ფიოდოროვის თქმით, ყაზახეთმა „სსრკ-ს შემადგენლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ დატოვა“, რაც ნიშნავს, რომ მისი სახელმწიფოებრიობა „სრულად ლეგალური არ არის“.
2022 წელს კონსტანტინ ზატულინმა მკვეთრად გააკრიტიკა ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ ტოყაევის პოზიცია, რომელმაც მაშინ უარი თქვა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე.
პარლამენტის წევრმა ტერიტორიულ პრეტენზიებზე მიანიშნა და განაცხადა, რომ სრული პარტნიორობის არარსებობის შემთხვევაში „ყველაფერი შესაძლებელია, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა“.
პრიმაკოვმა ყაზახეთის ხელისუფლება „ნაციონალისტების მიერ რუსული ენის საწინააღმდეგო ქმედებების“ მიმართ დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით მან ღიად უარი თქვა ყაზახეთის ინფორმაციის მინისტრ ასკარ უმაროვთან თანამშრომლობაზე და მას „რუსოფობი ნაძირალა“ უწოდა მისი აზრით, რუსოფობიური განცხადებების გამო.
როგორც Deutsche Welle აღნიშნავს, დეპუტატების გარდა, პერსონა ნონ გრატად ასევე გამოცხადნენ რუსი პროპაგანდისტები თინა კანდელაკი და ტიგრან კეოსაიანი, პოლიტოლოგი ნიკიტა მენდკოვიჩი, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი და რუსი ისტორიკოსი ანდრეი გროზინი. ამ უკანასკნელს ცოტა ხნის წინ ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს ახსნა-განმარტების გარეშე.
გროზინი, რომელიც დსთ-ს ინსტიტუტის ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ორ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავდა: 28 აპრილს რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემების განხილვისა და 29 აპრილს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მრგვალი მაგიდის ფარგლებში.
თუმცა, 27 აპრილს, ასტანას აეროპორტში პასპორტის კონტროლის გავლისას მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.