რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? - სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება? ევროკავშირში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მოდით, ჯერ კითხვა დავსვათ ძალიან კონკრეტული - აი, ახლა, დღეს დილიდან რაც ხდება საქართველოში, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება ასეთი რამ? ევროკავშირში. ამიტომ გვინდა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ არ მოხდება, სადაც ადამიანებს, ვინც იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის, სახლში არ შეუვარდებიან, სადაც ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიცია არ დაადგება სახლში და ასე უდიერად არ მოეპყრობა. ამიტომ, რას ვუკავშირებ?! პირველი - იმას, რომ აღიარება ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს. მეორე - ქვეყნის შიგნით ერთიანობა და პროტესტი ვერ გატეხეს. მესამე - დაიწყეს ახლა მასობრივი წუწუნი, რომ სანქციები მათ ძალიან აწუხებთ, რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ამიტომ ამას აკეთებენ ძალის დემონსტრირებისთვის. ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში ხდება. ამიტომაა ივანიშვილის რეჟიმი რუსი ივანიშვილის რეჟიმი და ამიტომ უნდა დასრულდეს ეს," - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ.