ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ, - ამის შესახებ “რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.
„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, - განაცხადა ევროკომისარმა.
შეკითხვაზე განიხილება თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას. კოსმა უპასუხა:
„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ“.