"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად" - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა.
"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული, მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?!
ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისთვის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. არგუმენტად მან გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მიერ "ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" დაასახელა.
მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს გაიმართება.