დღეს, 27 იანვარს, 16:00 საათზე, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ოფისში ორგანიზაციის "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის" მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები, რომლებთანაც პირადობის მოწმობების შეცვლასთან დაკავშირებულ ხელისუფლებისეულ გეგმებზე, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ბიომეტრიული მონაცემებით აღჭურვილ პირადობის მოწმობებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ.
"ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" "ახალგაზრდული ფორუმისა" და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია და იგი UშAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტში ჩართული არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები: "ახალგაზრდული ფორუმი"; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" , "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ქართული დასი", "ჩვენ თვითონ", "ეროვნული საბჭო (თავისუფალი საქართველო)", "სოციალ-დემოკრატიული პარტია", "საქართველოს დემოკრატიული პარტია", "ქალთა პარტია". შეხვედრას დაესწრებიან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები.
"ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" იმუშავებს ყველა იმ საკითხზე, რომლებიც განხილული და დამუშავებული იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში, რაც ხელს შეუწყობს პროექტში ჩართული ახალგაზრდების განათლებას, გათვითცნობიერებასა და მათი როლის გამოკვეთას ამ საკითხში.