18 აპრილს უკრაინამ და აშშ-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც მხარეები ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების დადებას ისახავენ მიზნად. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„დღეს ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად გადავდგით ნაბიჯი ერთობლივი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ.
უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ასახავს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ ერთობლივ მუშაობას და განზრახვას დაასრულოს და დადოს შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ხალხისთვის.
ჩვენ ვემზადებით უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად.
შესაბამისი შეთანხმება გახსნის შესაძლებლობას მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობისთვის უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის - სწორედ ამ მიზნისთვის, მუშაობენ გუნდები დოკუმენტზე“, - განაცხადა სვირიდენკომ.
მისი თქმით, ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს ამერიკელი ხალხის სურვილი უკრაინელ ხალხთან ერთად ინვესტიციები ჩადონ თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში.
წინ არის შეთანხმების ტექსტის დასრულება, ხელმოწერა და პარლამენტების მიერ რატიფიცირება.