არსებულ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობა, არამედ ამაზე ფიქრიც კი, არის უბრალოდ ამორალური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არის რიგი საკითხები, რომელთა გარკვევა აუცილებელია, რათა ზოგადად შეიძლებოდეს ფიქრი ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არსებულ სტატუს კვოში, არსებულ პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობა, არამედ ამაზე ფიქრიც კი, არის უბრალოდ ამორალური. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ავტორი არის ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მისი განცხადებით, მაგრამ მეორე მხრივ ქართველი ხალხი, რომელმაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყავით ჩართული დელეგიტიმიზაციის პროცესში. გვყავს პოლიტპატიმრები, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი არის უცნობი, აქტიურად მიმდინარეობს ყოველდღიურად სამოქალაქო აქტივისტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ვისმენთ იმ განცხადებებს, რომ თურმე 9 აპრილი რუსების მოწყობილი არ ყოფილა, რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე არ არის გმირი და ასეთი გმირები ჩვენ არ გვჭირდება, კობახიძის გუშინდელი განცხადება რაც იყო, რომ მუდმივ შრომაში ვინც არის, ის ადამიანები უფრო სჭირდება ამ ქვეყანას. ბავშვი ვიყავი, როდესაც ანწუხელიძის წამების კადრები პირველად ვნახე; არ მგონია, გიორგი ანწუხელიძე ვინმეს პიარისთვის იღუპებოდა, ეს არის შეურაცხყოფა არამხოლოდ გიორგი ანწუხელიძის, არამედ თითოეული ჩვენგანის და ცოტა სიტყვების შერჩევაში უნდა იყოს საქმე. „ქართული ოცნება“ თითოეული ჩვენგანის როგორც სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობას, ისე პირად თავმოყვარეობასაც ცდის. რაც შეეხება თავად თვითმმართველობის არჩევნების საკითხს, ამ მინიმალურ პუნქტებს თან ერთვის ცესკო-ს არსებული მდგომარეობა, ამას თან ერთვის ის საკითხიც, თუ ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, ადმინისტრატორი ვინ უნდა იყოს, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე ისევ? ამ საკითხების და ამ პირობების გარკვევა აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგადად ფიქრი იყოს ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის არჩევნებში მონაწილეობაზე“, – განაცხადა სანიკიძემ.