საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით შევიდა. როგორც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ერთი საათის წინ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ინიციატივის პროექტს, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნა.
მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, შექმნას გარდამავალი დებულება და განისაზღვროს არჩევნების თარიღი, რაც კონსტიტუციურად იქნება განსაზღვრული.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებმა შეძლეს შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
"იყო საკითხები, რაზედაც იყო განსხვავებული მოსაზრება და მოხდა რამდენიმე ძირეულ საკითხზე შეთანხმება. ასევე უნდა ითქვას, რომ წარმოუდგენელია ყველა თემაზე კონსესუსის გამონახვა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს რამდენიმე შეთანხმებული საკითხია საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. პირველ რიგში, ეს არის მერის პირდაპირი წესით არჩევა", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
კერძოდ, პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გარკვეულ საკითხებზე კომპრომისის შედეგად შეთანხმებას. ერთ-ერთი ასეთი საკითხია მერის პირდაპირი წესით არჩევითობა, რაც, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, იყო საზოგადოების დაკვეთა და ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა.
პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თბილისის მერის არჩევნებში 30-პროცენტიანი ბარიერის განსაზღვრას და თბილისის საკრებულოს არჩევნებში 4-პროცენტიანი ბარიერის ჩამოყალიბებას, რაც, პრეზიდენტის აზრით, ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მოხვდეს საკრებულოში.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქვეყნის მეთაური მიიჩნევს მანდატების გადანაწილების თაობაზე პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. კერძოდ, 25 მაჟორიტარისა და 25 პროპორციული წესით გასულ საკრებულოს წევრზე მანდატების გადანაწილებას.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესსაც.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ NDI-ის ოფისში მიღწეულ შეთანხმებებს ხელი არ მოაწერა ირაკლი ალასანიას "ალიანსმა", მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია და მიიჩნევს, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზე მოხდა კომპრომისის მიღწევა და თუ ვინმე გამოთქვამს უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციონერობაა და მეტი არაფერი.