ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე პარლამენტში წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს. თარგამაძე ამბობს, რომ სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
"დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოებიდან შევიტყვე, რომ თურმე, ხვალ, 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებ.
არ მინდა, მოსკოვისა და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული. დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს, პერსონალურ დონეზე, ჩემ ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ". - თქვა თარგამაძემ გადაცემა დროებაში.
საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა პარლამენტში ხვალ, 31 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. პარლამენტის ცნობით, განსახილველი საკითხები იქნება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუცია, ასევე, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები.