აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რადიო თავისუფლების [RFE/RL] დახურვა დროებით აუკრძალა. იუწყება ამერიკული ტელეარხი ABC News
„სამშაბათს ნაშუადღევს, მოსამართლე როის ლამბერტმა გამოსცა დროებითი განკარგულება, რომელიც ბლოკავს ორგანიზაციის დახურვას და დაადგინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა შეუჩერდეს ჯგუფს დაფინანსება, „არავითარი ფაქტით ან მოსაზრებებით გამყარებული არ არის“ და სავარაუდოდ არღვევს ფედერალურ კანონს“, - აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)-მ 18 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის ოფიციალურ პირებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა RFE/RL-სთვის ფედერალური გრანტის შეწყვეტის შესახებ მათი მცდელობა შეაჩეროს.
საჩივარში აღნიშნულია, რომ RFE/RL-ისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება ფედერალური კანონებისა და აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ფედერალური ბიუჯეტის განკარგვაზე. საქმე აშშ-ს კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოში განიხილება.