ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო) დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ დაადგინა, რომ ბარამიძე 2022 წლის მარტიდან აპრილამდე მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, ქართული ეროვნული ლეგიონის მიერ.
"სასამართლოს ცნობით, 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით, ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულის სტატუსით ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში. მან სამხედრო წვრთნა გაიარა კიევში მდებარე საწვრთნელ ბაზებზე, სადაც მიიღო საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარები, შეისწავლა სტრატეგია, ტაქტიკა და შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოქმედების მეთოდები. ბარამიძე აღჭურვილი იყო ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით, საბრძოლო მასალებით, უნიფორმით და სპეციალური აღჭურვილობით, რის შემდეგაც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დნრ-ის ძალოვანი სტრუქტურებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების წინააღმდეგ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსეთის მტკიცებით, ბარამიძემ 310 000 რუსული რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.