კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ - გამოწვევა მიღებულია - ამის შესახებ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, ეს უმსგავსობა და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება.
„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ - გამოწვევა მიღებულია. ეს გამოწვევა კოალიციამ და მისმა ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სრულად მიიღეს მაშინ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს, გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული კონსტიტუციის, ძალაუფლების შედეგად შექმნილ ერთპარტიულ ბანდას, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს დღეს ეშინია მთავარი ოპონენტის - ძლიერი კოალიციის, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია და ის შედგება იმ ადამიანების სახით, რომელსაც თქვენ ხედავთ", - განაცხადა კუპრაძემ.
კოალიციის წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მუქარის არავის ეშინია.
„რა თქმა უნდა, არაფრის გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენს კოალიციაში ხედავენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის ეშინია. არც ციხის გვეშინია, არც დაპატიმრების მუქარის და არც იმ რეპრესიების, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჩაღებული, ან რა რეპრესიების გატარებასაც გეგმავთ. ასე რომ, თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით, გავიბზარებით და შევშინდებით, იქ ვერ მოხვდით ჩემო ბატონო, სხვა მისამართზე მოხვდით. თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
"თეთრი ძაფით ნაკერ" საქმედ აფასებს წულუკიანის კომისიის მიერ დაწყებულ გამოკითხვების სერიას კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, ანა დოლიძე.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ანგარიშსწორებას, პოლიტიკური შურისძიებას და "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეფერხება ემსახურება.
რაც არის ჩვენ წინაშე ეს არც სამართლიანობაა და არც ვინმეს პიროვნული ღირსების ან ქონებრივი უფლებების აღდგენა. ჩვენს წინაშეა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ ოპონენტ ძალას. ყველას შეგახსენებთ, რომ სწორედ „ძლიერმა საქართველომ“ გაარღვია დამკვიდრებული და ჩამყაყებული ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში და საქართველოს ამომრჩევლებს მისცა რეალური არჩევანი წარსულსა და მომავალს, ანგარიშსწორებასა და საქმეს შორის, ნგრევას, ჭაობსა და შენებას შორის. სწორედ ამიტომ არის მიმართული ეს აქტი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მიმართ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა.