"ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წევრები ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა, რომლებიც 7 მარტის აქციის შემდეგ დააკავეს, მალევე გაათავისუფლეს. როგორც კუპრაძემ თქვა,, ისინი ლაზერის გამო დააკავეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.
"აქციიდან მივემართებოდით სახლებისკენ, ვარაზისხევზე გაგვაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა ერთმა, შემდეგ შემოუერთდა მეორე, დაბურული მინებით და კიდევ 2 საპატრულო ეკიპაჟი. თავიდანვე განზრახული ჰქონდათ სავარაუდოდ ჩვენი დაკავება, გადაგვიყვანეს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც ანათებდა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის შენობას, ითვლიდა დღეებს და პირველ რიგში ამხნევებდა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს. ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული" - თქვა ირაკლი კუპრაძემ "TV პირველთან".
მანამდე, პარტიის ოთხი წევრის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც.
„ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი – ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!
მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ: ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.