თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ MEGOBARI ACT-ი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში პირველ მოსმენას წარმატებით გაივლის, მაღალი ალბათობით ორპარტიული მხარდამჭერის მქონე კანონპროექტი კანონად იქცევა.
„ამ კანონპროექტიდან რომელიმეზე განხილვის დაბრუნება უკვე იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი შემადგენლობის კონგრესში ის განხილვაზე ვერ მოხდებოდა და კომიტეტის სხდომიდანვე მოხდებოდა მისი უარყოფა. თუ პირველი განხილვა გაიარა მან, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კანონად იქცევა. ამ პროექტის განხილვიდან გადასვლა შემდეგ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, კალენდარში როდის მოუწევს მასზე კენჭისყრა და ფიზიკურად ის კანონად როდის იქცევა, არის ერთმნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის გარდაუვალი და მათ უნდა დაიწყონ მოქმედება თუ არ უნდათ, რომ ის უმძიმესი შედეგები, რომლებიც ამ კანონით არის გათვალისწინებული, დადგეს.
მოქმედებას კი მხოლოდ ერთი რამ სჭირდება. საქართველოში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები გააჩერებს მთელ იმ პროცესს, ჯაჭვს ნეგატიური შედეგების, რომელიც შეიძლება მიიღონ მათ. არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ამ კანონპროექტებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. უფრო მეტად, ამ კანონპროექტებზე დე ფაქტო ხელისუფლების რეაგირებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.