ვენეციის კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი პროცედურის მეშვეობით შეაფასა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები.
კომისიის მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” ცვლილებები დაჩქარებულად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე მიიღო, რის გამოც პროცესი ფუნდამენტურად ნაკლულად შეიძლება ჩაითვალოს.
„საკანონმდებლო პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტები მიღებული იყო დაჩქარებული წესით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით სადავო არჩევნების შემდეგ მასობრივი პოლიტიკური მიტინგების ფართო პოლიტიკური კონტექსტისა და იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ცვლილები ახდენენ ასეთ პოლიტიკურ პროტესტზე. არ არსებობს იმის მინიშნება, რომ ჩატარდა რაიმე ზეგავლენის შეფასება ორ ეტაპად შემოტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებების პროპორციულობის შეფასების ან გამართლების მიზნით. შედეგად, კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება, ჩაითვალოს ფუნდამენტურად ხარვეზიანად”– წერია ანგარიშში.
ანგარიშში წერია, რომ ცვლილებები ბუნდოვანია, რაც კანონების ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა.
"ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო ბაზის განჭვრეტადობას და ზრდის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების რისკს. სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, თან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებული ჩანს. ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე. ახალი, უხეში თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებები, ასევე ადმინისტრაციულ დარღვევებზე ჯარიმების მკვეთრი ზრდა, გადაჭარბებული ჩანს. ამ ზომებს დიდი ალბათობით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე შემზარავი ეფექტი ექნება" – წერს ვენეციის კომისია.
კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ამ დასკვნაში მოცემული შემდეგი რეკომენდაციები: 1. გადახედოს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გამოყენებადი სანქციების ხასიათსა და სიმკაცრეს; 2. ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე, ინდივიდუალური შეფასებებისთვის, შემოღებული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი მკაფიო კრიტერიუმები ; 3. უზრუნველყოს ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება ადმინისტრაციული დაკავებისა და დაპატიმრების (როგორც პრევენციული ზომის) წინააღმდეგ, დროული განხილვისა და ადეკვატური კომპენსაციის უზრუნველყოფით; 4. განსაზღვროს კონკრეტული ელემენტები ლაზერული და სინათლის სხივის მოწყობილობების აკრძალვის ვიწრო მნიშვნელობის უზრუნველსაყოფად; 5. დააზუსტოს და დაავიწროოს სახის დაფარვის აკრძალვა, იმ პირობების მითითებით, რომლის დროსაც ისინი აკრძალულია; 6. ზუსტად განსაზღვროს „პოლიციის ფორმის მსგავსი სამოსისა და ატრიბუტების“ მოქმედების სფერო, ვიწრო მნიშვნელობის უზრუნველსაყოფად; 7. დაადგინოს ნორმატიული წესი სპონტანური შეკრებების შეტყობინების მიღების შესახებ, მას შემდეგ, რაც შეკრებები დაიწყება.