ნორვეგიულმა საწვავის კომპანია Haltbakk Bunkers-მა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად უარი თქვა აშშ-ის სამხედრო გემების საწვავით შევსებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kystens Næringsliv ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მწვავე დაპირისპირების შმდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
„როგორც გესმით, ტრამპის წასვლამდე არცერთი ლიტრი არ იქნება მიწოდებული“, - თქვა Haltbakk Bunkers-ის მფლობელმა გუნარ გრანმა.
Kystens Næringsliv-თან ინტერვიუში გუნარ გრანმა ასევე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ დიდი ხანია შეწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
„ამით ჩვენს კონკურენტებს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცა, ჩვენ დავკარგეთ მნიშვნელოვანი თანხები, მაგრამ გვაქვს მორალური პრინციპები. ახლა აშშ გარიცხულია ჩვენი კლიენტების ბაზიდან უკრაინელების მიმართ მათი ქცევის გამო“, - განმარტა გრანმა.
Haltbakk Bunkers-მა აშშ-ს სამხედროებთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„ჩვენ გავხდით ყველაზე მასშტაბური დაპირისპირების მოწმე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში მოაწყვეს. დიდი პატივისცემა უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის, რომ თავი შეიკავა, როცა აშშ-მა ეს შოუ მოაწყო. ამან ჩვენი აღშფოთება გამოიწვია. მოკლედ და გასაგებად. შედეგად, ჩვენ ვწყვეტთ საწვავის მიწოდებას აშშ-ის სამხედრო გემებისთვის, რომლებიც მიემართებიან ნორვეგიის პორტებში, - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად Haltbakk Bunkers-ის Facebook-ის გვერდზე ასეთი პოსტი არ იძებნება.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ტორე სანდვიკმა მთავრობის ვებსაიტზე განაცხადა, რომ Haltbakk Bunkers-ის გადაწყვეტილება არ არის ნორვეგიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილი და რომ რეგიონში აშშ-ის ძალებს კვლავაც სრული მოცულობით აღმოუჩენენ საჭირო მხარდაჭერას.