ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით, ამიტომაცაა, რომ გასული წლის ოქტომბერში მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში. ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ. მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თარიღებს, რათა გავიხსენოთ, როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს. ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც „ომის დაუშვებლობაზე“ იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისაგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული“, – წერს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო იყო თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური, სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა.
„გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა; მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას; შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად. თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისათვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს, ვინაიდან ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისათვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში ეკონომიკურ კოლსაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა. უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, რითიც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხვინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია. დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი. იმ ფონზე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“, მათ ახლა, მოულოდნელად, ჩვენი მთავრობისაგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია, გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისთვის, რათა თავიდან ყოფილიყო არიდებული რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა.
„ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.