"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ერთი წლისაა. როგორც პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ისტორიისთვის ერთი წელი ბევრი არაა, მისი დემოკრატიული მოძრაობისთვის ის მრავალფეროვანი აღმოჩნდა.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ერთი წლის წინ, 23 ნოემბერს დაფუძვნდა. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სერიოზული გზა განვლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სერიოზული წნეხის ქვეშ გვიწევდა მუშაობა, პარტიამ დაამტკიცა, რომ ჩვენ მართლაც დემოკრატიული ფასეულობებისთვის მებრძოლი ძალა ვართ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, "მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ მისი პარტიისთვის რადიკალურის იარლიყის მიკერებას, რომელსაც აქციებისა და მიტინგების მოწყობის მეტი არაფერი შეუძლია, მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის სერიოზული გეგმაც გააჩნია".
"ვფიქრობთ, იმ გამოწვევებს, რომ პარტიას კრიტიკის მეტი არაფერი შეუძლია პასუხი ჩვენს მიერ წარმოდგენილმა კონცეფციებმა გასცა", - განმარტა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის პარტიამ უკვე წარმოადგინა უსაფრთხოების კონცეფციისა და სოციალური სფეროს მიმართულებით მოძრაობის ხედვა. დღეს კი პარტია ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას მართავს.