ქართველი ხალხის ნებას ვიდრე არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
„რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც, რეალურად, აბსურდზეა დამყარებული, უგულებელყოფილია მილიონ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ნება-სურვილი, სადაც პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილია აღიარებული? რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება? პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად, რადგან, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. მას დაარქვან ისევ „დემოკრატიის შუქურა“ და იმ აბსურდში იცხოვრონ, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ცდილობს, თავს მოახვიოს არამხოლოდ საქართველოს. ამის თაობაზე არაერთ განცხადებას ვისმენთ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან. „დიფ სთეითთან“ ბრძოლის რკალი ვიწროვდება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრძოლის ცეცხლი დაანთო, ის ევროპულ ბიუროკრატიამდე აუცილებლად მივა. მნიშვნელოვანი ბრძოლა, რაც ამერიკაში ხდება, გამარჯვებისთვის არის გათვალისწინებული. ევროპაშიც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, პლურალიზმმა, საჯაროობამ და არა ბიუროკრატიულმა ძალმომრეობამ, რომელზეც, სამწუხაროდ, აგებულია დღევანდელი ევროპარლამენტი. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თეთრზე შავი დაწერონ, სააკაშვილი ტანჯულად და მსხვერპლად მონათლონ და ქვეყანა კვლავ ძალმომრეობის ქვეშ ამყოფონ, ვიდრე ქართველი ხალხის ნებას არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“.