გვატემალის დედაქალაქში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 55 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Associated Press წერს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ავარია რამდენიმე ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
გამომძიებლების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე 53 ცხედარი იპოვეს, სან ხუან დე დიოსის საავადმყოფომ კი დაადასტურა, რომ იქ მიყვანილი ორი მგზავრიც გარდაიცვალა.
ავტობუსი 35 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა. ასევე მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ავტობუსი მოძრაობდა ქალაქ პროგრესოდან, რომელიც მდებარეობს გვატემალის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.
გვატემალის პრეზიდენტმა ბერნარდო არევალომ დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა.