გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელმაც რუსთავის ქალთა კოლონიაში თავის დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, მედიასთან განაცხადა, რომ ამაღლობელი შედარებით გამხდარია და უჭირს, როგორც საუბარი, ისე გადაადგილება.
"შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო, რადგან დაღლილი იყო" - თქვა მაია მწარიაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელს დამატებით გამოკვლევებს მომავალ კვირას ჩაუტარებენ.
ამბობს, რომ ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ. როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით. რაიმე დახმარებას, სადმე გადაყვანას არ ითხოვს. მე რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, უფრო ნელა საუბრობს. ნელა მოძრაობს უფრო. ჩემი დაკვირვებაა ეს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო. დამშვიდებულიყო იმ კუთხით, რომ დაღლილი იყო.
საქმესთან დაკავშირებით რაღაცებზე ვისაუბრეთ და ამაზე ახლა ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა. მისი მოსაზრებები იცით. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით. ყოველ ჯერზე გვეუბნება, მე არ ვარ მთავარი თემა. არაერთი უკანონოდ დაკავებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავი ქვეყანაში.
21-ში იყო სისხლის საერთო. ახლა ჩავიბარეთ 28-ში გაკეთებული. 28-ში გაკეთებული ანალიზის პასუხი სანამ ჩვენ არ მივედით, მანამდე არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარაუდოდ. ჩვენ დოკუმეტები გადმოგვცეს. იმ კვირაში გეგმავენ სერიოზული კვლევების ჩატარებას. ჯერ არ ვიცით, რა კვლევებს ჩაუტარებენ, ორშაბათს გვეცოდინება", - ამბობს მაია მწარიაშვილი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი მეოცე დღეა შიმშილობს.