ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
კალასის განცხადებით, ევროგაერთიანებამ უნდა გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნები და დახარჯოს ბევრად მეტი თავდაცვისათვის რუსეთიდან მომდინარე "ეგზისტენციალური საფრთხის" წინაშე.
"ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახური გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთს შეუძლია გამოსცადოს ჩვენი თავდაცვის მზადყოფნა სამიდან ხუთ წელიწადში", - თქვა კალასმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვაში.
"აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპელები საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. ახლა დროა ინვესტიციები ჩადოთ თავდაცვაში", - დასძინა კალასმა.
კაია კალასის განცხადების კვალდაკვალ, თავდაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ "თუ ევროპას სურს გადარჩენა, ის შეიარაღებული უნდა იყოს".