სასტუმრო "შერატონ ბათუმის" მენეჯერი მეგი ჟღენტი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის კადრები შენახულია და ოფიციალური ორგანოების მომართვის შემთხვევაში, კადრებს საგამოძიებო უწყებას გადასცემენ.
"ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. მოხდა დანაშაული. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მოხდა სწორად, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა. მტკიცებულებები წაშლილი არ არის. ყველა ჩანაწერი არსებობს და როგორც პოლიციას, ასევე სხვა ნებისმიერ უწყებას, სასამართლოს გადავცემთ. ჩანაწერები ამოღებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ მოსულა. ჩანაწერს ვინახავთ დაახლოებით ერთი თვე. მე არ ვყოფილვარ აქ. კამერები აუდიოჩანაწერს არ ინახავს. ჩანს, რომ იყო შელაპარაკება", - განაცხადა ჟღენტმა.
ჟურნალისტებმა ასეევე ჰკითხეს მეგი ჟღენტს ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.
"ამ ინციდენტს, როგორც ჩვენ დავინახეთ, იღებდა ვიღაც ქალბატონი, იღებდა თავიდან ბოლომდე", - თქვა მან.
მისი თქმით, "შერატონს" კადრების გასაჯაროების უფლება არ აქვს.
ჟურნალისტმა ჰკითხა, დაცვამ რატომ გაიყვანა ტერიტორიიდან მხოლოდ ზვიად ქორიძე და რატომ არ დაატოვებინა შენობა თავდასმხმელებს.
"რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, რომ არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში, ჩვენი დაცვა შეეცადა, მაქსიმალურად გაეკეთებინა ყველაფერი. განვაცალკევეთ, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა შემდგომ. ყველაფერი წამებში მოხდა. პოლიციას ჩვენ შევატყობინეთ, ეს უკვე გახარიას ინციდენტის შემდეგ", - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაასუფთავეს დანაშაულის ადგილი, მეგი ჟღენტი პასუხობს:
"სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ტერიტორიაზე, სადაც სტუმრები მოძრაობდნენ, პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა და მანამდე გასუფთავდა. თუმცაღა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მხრიდან. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო უშუალოდ დასუფთავების სამსახურმა. ზემოდან ნამდვილად არ ყოფილა მოსული მსგავსი განკარგულება. უბრალოდ სასტუმროს შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები მოძრაობდნენ და შესაბამისად, დასუფთავების სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", - თქვა მან.
15 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას.