შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში შედგეს. შეხვედრის მასპინძლობის შესახებ მზაობაზე ილაპარაკა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნიკოლას ბიდომ ადგილობრივ გამოცემა Le Temps-თან ინტერვიუში.
სპიკერის განცხადებით, შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტს, თუ ისინი ამას ითხოვენ. თავად ბერნი ამ საკითხის ინიცირებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ბიურგენსტოკის სამიტის შემდეგ, ჩვენ რეგულარულად ვაცნობებთ უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ჩვენი მზადყოფნის შესახებ, მხარი შევუწყოთ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული", - თქვა სპიკერმა.
9 იანვარს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან შესახვედრად. "ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს სისხლისმღვრელი ომი", - თქვა ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას 20 იანვარს შეუდგება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის არანაირი წინაპირობა არ არის საჭირო და კრემლი "მიესალმება" ტრამპის მზადყოფნას "პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისკენ".