რომის პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად ვატიკანის მთავარი დეპარტამენტის პრეფექტად ქალი დანიშნა.
იტალიელი მონაზონი სიმონა ბრამბილა უხელმძღვანელებს ვატიკანის უმნიშვნელოვანეს დეპარტამენტს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ ორდენებს უწევს ზედამხედველობას.
ეს გადაწყვეტილება არის პაპის ძალისხმევის ნაწილი, ქალებს მისცეს ლიდერული პოზიციები კათოლიკური ეკლესიის მმართველობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებს უკვე ეკავათ ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობების ვატიკანის ზოგიერთ სტრუქტურაში, ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ქალი გახდა კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანოს, რომის კურიის დიკასტერიის (დეპარტამენტი) პრეფექტი.
კურთხეული ცხოვრების ინსტიტუტებისა და სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებების დიკასტერია ვატიკანის ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტია. იგი პასუხისმგებელია ისეთი რელიგიური ორდენების საქმიანობაზე, როგორიცაა იეზუიტები, ფრანცისკანელები, მოწყალების დები და ა.შ.
ბრამბილა ზედამხედველობას გაუწევს 600 000 ბერ-მონაზონსა და 129 000 მღვდელს, რომლებიც რელიგიურ ორდენებს მიეკუთვნებიან.
ახალი პრეფექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მთელ მსოფლიოში ბერ-მონაზვნების რაოდენობის შემცირების ტენდენციის შეცვლა. ვატიკანის ინფორმაციით, 2010 წელს ბერ-მონაზონთა რაოდენობა 750 ათასი იყო, 2024 წელს კი 600 ათასამდე შემცირდა.
რომის პაპმა სიმონა ბრამბილას მოადგილედ, ანუ პროპრეფექტად დანიშნა კარდინალი ანხელ ფერნანდეს არტიმე. ვარაუდობენ, რომ პაპის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ დიკასტერიის პრეფექტს უნდა შეეძლოს მესის ჩატარება და ზიარების საიდუმლოს აღსრულება, რაც კათოლიკურ ეკლესიაში მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.
ექსპერტების მოსაზრებით, ეს არის კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ასახავს პაპის სურვილს, უფრო მეტი ქალი ჩართოს ეკლესიის მმართველობაში, არსებული კანონიკური შეზღუდვის ფარგლებში.
59 წლის სიმონა ბრამბილა 2023 წლიდან მსახურობდა რელიგიური ორდენების დიკასტერიის უფროსის მოადგილედ.
მიუხედავად იმისა, რომ პაპმა ფრანცისკემ შეინარჩუნა ქალის მღვდლად ხელდასხმის აკრძალვა, ის აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ ქალებს შეუძლიათ დაიკავონ ლიდერული პოზიციები ეკლესიის იერარქიაში.