კომპანია Meta, რომელიც სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებს აერთიანებს, როგორებიცაა Facebook, Instagram და Threads, „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციის შეწყვეტასა და მისი „საზოგადოების შენიშვნებით“ ჩანაცვლებას გეგმავს - ამის შესახებ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა 7 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტრამპი პირველად აირჩიეს, ტრადიციული მედია უწყვეტად წერდა იმის შესახებ, როგორ წარმოადგენდა დეზინფორმაცია საფრთხეს დემოკრატიისთვის. ჩვენ კეთილსინდისიერად ვცდილობდით ამ პრობლემების მოგვარებას ისე, რომ არ გავმხდარიყავით ჭეშმარიტების არბიტრები, მაგრამ ფაქტის გადამმოწმებლები უბრალოდ პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით აშშ-ში. ასე რომ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ, უფრო ყოვლისმომცველი „საზოგადოების შენიშვნების“ სისტემა დავნერგოთ; მეორეც, ჩვენ ვაპირებთ, გავამარტივოთ ჩვენი კონტენტის პოლიტიკა და გავაუქმოთ შეზღუდვები ისეთ თემებზე, როგორებიცაა იმიგრაცია და გენდერი, რომლებიც უბრალოდ მოწყვეტილია მთავარი დისკურსისგან. ის, რაც დაიწყო, როგორც მოძრაობა უფრო მეტი ინკლუზიურობისკენ, სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა მოსაზრებების და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების ხმის ჩახშობისთვის და ეს ძალიან შორს წავიდა. ამიტომ მინდა, დავრწმუნდე, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი რწმენისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენს პლატფორმებზე“, – აცხადებს ცუკერბერგი.
ასევე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta „აბრუნებს სამოქალაქო კონტენტს“, რაც იმას ნიშნავს, რომ Meta-ს პლატფორმების მომხმარებლები უფრო მეტ პოსტს ნახავენ პოლიტიკის, არჩევნებისა და სოციალური საკითხების შესახებ.
„რაღაც პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ითხოვდა, რომ ნაკლები პოლიტიკა ენახა, რადგან ეს ხალხს სტრესავდა, ამიტომ, ჩვენ პოლიტიკური კონტენტის რეკომენდაცია შევწყვიტეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ ეპოქაში ვართ და ხალხს სურს, რომ ამგვარი კონტენტი ისევ იხილოს“, - განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.