ბრიტანელი მსახიობი, ოლივია ჰასი, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა ფრანკო ძეფირელი ს ფილმში „რომეო და ჯულიეტა“, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის სიკვდილის ცნობა მისმა ოჯახმა გაავრცელა. ოლივია ჰასი პარასკევს გარდაიცვალა, "მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში", - წერია მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე.
შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაცია 1968 წელს გამოვიდა.
ფილმის გადაღების დროს ჰასი 15 წლის იყო. ძეფირელის "რომეო და ჯულიეტას" ორი ოსკარი ერგო, ჰასი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. რომეოს როლს ფილმში ასრულებდა ბრიტანელი მსახიობი, ლენარდ უაითინგი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო.
ოლივია ჰასი 1951 წლის 17 აპრილს დაიბადა არგენტინაში, ბუენოს-აირესში და შემდეგ, ბავშვობის ასაკში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
ფილმის გადაღებიდან ათწლეულების შემდეგ ჰასიმ და უაითინგმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Paramount Pictures-ს, სექსუალური შევიწროების და ფილმში სიშიშვლის მომცველი სცენების ირგვლივ მაქინაციების ბრალდებებით.
მსახიობების თქმით, თავიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ საწოლი ოთახის სცენაში სხეული კანის ფერის საცვლებით ექნებოდათ დაფარული, მაგრამ გადაღების დღეს ძეფირელიმ მათ განუცხადა, რომ სხეულებს მხოლოდ კოსმეტიკურად დაუფარავდნენ და კამერა ისე განთავსდებოდა, რომ ეკრანზე სიშიშვლე არ იქნებოდა ასახული. მსახიობები აცხადებდნენ, რომ მათი შიშველი სხეულები მათი თანხმობის გარეშე იქნა გადაღებული.
2023 წელს საქმე დაიხურა. ლოს-ანჯელესის ოლქის მოსამართლის აზრით, შემთხვევა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოზარდთა პორნოგრაფიად. ამასთან. მსახიობებმა საქმე ძალიან გვიან აღძრეს.
საერთო ჯამში, ჰასიმ ითამაშა ათეულობით ფილმსა და სერიალში. მათ შორისაა ბობ კლარკის „შავი შობა“ (1974), რომელსაც არაერთი ექსპერტი სლეშერის ჟანრის ფუძემდებელს უწოდებს, ჯონ გილერმინის „სიკვდილი ნილოსზე“ (1978), „იესო ნაზარეთელი“ (1977).