ლიეტუველი ევროპარლამენტარის დაინიუს ჟალიმასის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებას ერთსულოვნება სჭირდება. ის ფიქრობს, რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ.
მან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს და პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
როგორც მან აღნიშნა, ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე განხილული იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები.
"გამოვხატეთ სოლიდარობა სამოქალაქო საზოგადოების და ქართველი დემოკრატიული ძალების მიმართ. ასევე, როგორც იცით, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტი ასევე არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, განსახილველი ბევრი საკითხია, თუ როგორ ვითანამშრომლოთ მომავალში, როგორ შევუწყოთ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა დაინიუს ჟალიმასმა.