"თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერი, თაია მახარაშვილი წერს.
"მოხდა, აღსრულდა, ბოლოს და ბოლოს!
დამთავრდა კიდევ ერთი ცხოვრება.
ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
რაც სამუდამოდ გვემახსოვრება".
ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არამარტო მეგობრებო, ოთარ ჭილაძის ლექსის ამ სტროფით გატყობინებთ, რომ თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს.
თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანის ბედი ამ პოლიტიკურ ვითარებაში ასე წარიმართა.
ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს: ხან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი დაგვიწუნეს, ხან საბოტაჟში დაგვდეს ბრალი, ხან, თვითლუსტრაცია და თვითწმენდა უწოდეს ამ პროცესს; ისიც კი თქვეს, რომ ერთმანეთს ვაშანტაჟებდით, რომ ხელი ყველას მოგვეწერა (ეს ბოლო მეც მაინტერესებს, როგორ იყო); რამდენიმე დღეში, დაჩქარებულად შეიმუშავეს ყოვლად გაუგონარი, რეპრესიული აქტი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებები კი არა, მისი იმიტაცია უფროა. თან აროგანტული ტონით იმუქრებოდნენ რეორგანიზაციით. მოკლედ, რაღაცნაირი გროტესკული პროცესია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ჩვენი ნატანჯი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ისეთი, როგორიც ყველა ჯანსაღ, სწორი ღირებულებების ადამიანს სურს. ამისთვის ბრძოლა და თავგანწირვა ნამდვილად ღირს.
ამაყი ვარ და მიხარია, რომ საჯარო სექტორში ჩემი 11-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ერთგულად ვიცავდი საჯარო სამსახურის ყველა პრინციპს. მათ შორის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, ნეიტრალიტეტის და ღიაობის პრინციპებს. მიხარია, რომ სწორედ ამის გამო დღეს არ მრცხვენია მედიაში მომუშავე არცერთი კოლეგისთვის თვალებში ჩახედვის და მადლობას ვუხდი ყველა კეთილსინდისიერ, პატიოსან ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია ყველაფერი ის, რაც ოდესღაც გვასწავლეს - ვიყოთ ობიექტურები, სამართლიანები და ვიცავდეთ საჯარო ინტერესს.
როგორც ვამბობდი, ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება. ყოველ ჯერზე ასე იყო, ამიტომაც, არ მინანია, როდესაც 2012 წელს წინა ხელისუფლების წასვლას დავუჭირე მხარი და არც შემდგომის გასტუმრება მექნება სანანებელი.
მჯერა, რომ წლების შემდეგ, ჩემი შვილებისთვის ბევრი რამ მექნება მოსაყოლი. იქამდე კი ვაგრძელებ ბრძოლას მათი და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის უკეთესი, ლაღი და ბედნიერი მომავლისთვის," - წერს თაია მახარაშვილი.