ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართული ოცნების" 20-მდე მაღალჩინოსნისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ბრიფინგი გამართეს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოქალაქეების მიერ ვრცელდება პრეზიდენტ ტრამპის სახელზე პეტიცია, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება საქართველოში.
„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" 20 მოძალადე წარმომადგენელს და მათი ოჯახის წევრებს. ეს პერსონალური სანქციები არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ არავის შერჩება არჩევნების მიტაცება, ქართველი ხალხის ნების გაყალბება, საქართველოს მოქალაქეების წამება.
პერსონალური სანქციები შტატების მხრიდან ასევე არის სოლიდარობის დადასტურება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მე-15 დღეა უწყვეტად, პრინციპულად და ერთიანად აპროტესტებენ მოძალადე ხელისუფლებას და მის არა ქართულ, არამედ რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას.
ამ წუთებშიც თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომელთა პროტესტის ხმაც ესმის ცივილიზებულ დასავლეთს. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის აქტი. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ უფრო ხისტ ნაბიჯებს გადადგამს. ასევე გვაქვს სრული მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი.
ასევე ვნახეთ, რომ მოქალაქეების მიერ ვრცელდება პრეზიდენტ ტრამპის სახელზე პეტიცია, მიმართვა, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება საქართველოში და დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთის მსახური და ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ კიდევ უფრო ხისტი გახდება დამოკიდებულება.
გამოსავალი შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან არის ერთადერთი, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება ყველა იმ პირისა, რომელსაც ტყვედ ყავს აყვანილი რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.