მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და იუმორისტ ონისე ცხადაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, მსახიობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მისივე განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობა, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ანდროსთვის. მას მონაწილეობას ედავებიან. ბრალი არის დაუსაბუთებელი. მტკიცებულება ჩამონათვალში არ ჩანს. რაც არის ჩამონათვალი, არის ზოგადი. ბრალდებული აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონდა. ანდრო უდიდეს მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ თქვა, რომ დაკავებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
„რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა ჩვენ მიმართ. ჩვენ ველოდით, რომ 225-ე მუხლი გვექნებოდა, ონისეს ბრალად წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. რაც შეეხება ფორმულირებას, ფაქტობრივად, ბრალის შესახებ ფორმულირება არის ერთი და იგივე ყველასთან მიმართებით, ვისაც ბრალი დღეს წარუდგინეს. აქ მოთხრობილია დანაშაულებრივი ხასიათი სხვადასხვა პირთა მიერ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რაში გამოიხატა ონისე ცხადაძის სავარაუდო დანაშაული", - ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.