აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ტანია ჩუტკანმა დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის ჯეკ სმიტის მოთხოვნა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობასთან დაკავშირებით. იუწყება გამოცემა The Hill
ტრამპის წინააღმდე სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე შეწყდა საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესის დარღვევის საქმეზეც.
სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.
დონალდ ტრამპი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ სპეცპროკურორ ჯეკ სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ამერიკული მედიის ცნობით, სმიტი გადადგომას თავად აპირებს.
78 წლის რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.