სამართალდამცველებმა "მკითხავის სახელით" თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 53 წლის ნინო ტუღუშმა მკითხავის სახელით რამდენიმე ოჯახში შეაღწია და მათგან თაღლითური გზით ჯამში 4 000 ლარის ღირებულების სამკაულები მიისაკუთრა.
"დაკავებულმა შეაღწია ნანა ხურცილავას, მანანა ზირაქაძის, მზია სიხარულიძის, ნუნუ და ასმათ ვაშაკიძეების ოჯახებში. მოტყუებით მოახერხა მათი ნდობის მოპოვება და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 4000 ლარის ღირებულების სამკაულს. აღნიშნულ პირებს დაკავებულმა განუცხადა რომ მათ ოჯახს ქონდა ეგრედ წოდებული „თვალი" და ამის გამოსალოცად საჭირო რიტუალისთვის აუცილებელი იყო მათი ძვირფასეულობა, რომლებსაც ის ათავსედბა სპეციალურ ქისაში და იწყებდა ლოცვას. რის შემდგომაც ის ახერხებდა ფარულად ქისიდან სამკაულების ამოღებას, ხოლო ცარიელ ქისას ტოვებდა დაზარალებულებთან იმ პირობით, რომ მათ ქისა არ უნდა გაეხსნათ ორი დღის განმავლობაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შელოცვა სასურველ შედეგს არ გამოიღებდა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინრაეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თითოეულ დანაშაულზე თავისუფლების 2 დან 6 წლამდე აღკვეთას.