სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ასევე ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურის სადემონსტრაციო ექსპერიმენტი.
შეგახსენებთ, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საბოლოოა და უფრო მაღალ ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა საია-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ.