თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა გრძელდება. პროცესი გუშინ, 6 ნოემბერს, შუადღის ორი საათისთვის დაიწყო. დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება უბნების შედეგების გაბათილების შესახებ, ჯერ უცნობია.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას დადგენილება, რომლითაც თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში შემავალი რამდენიმე უბნის ელექტრონული შედეგები გაბათილდა, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საიას 12 სარჩელი (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია ჩემი ხმის სარჩელები ერთ საქმედ გააერთიანა და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს დააწერა. მათ შორის დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ ხუჭუამ ხმების ფარულობის დარღვევა დაადგინა.
საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ჯერ არ გადასულა.