ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსნოვის პატივსაცემად 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95 ადამიანამდე გაიზარდა, იუწყება el Pais ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებზე დაყრდნობით. კიდევ ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წყალდიდობის შედეგად, განსაკუთრებით დაზარალდა ვალენსიის ავტონომიური რეგიონი. ვალენსიაში დაიღუპა 92 ადამიანი, კასტილია-ლა მანჩაში - კიდევ ორი, ხოლო ერთი გარდაიცვალა მალაგაში (ანდალუზია).
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დახმარებას უწევენ სამაშველო სამსახურებს.
ესპანელი მეტეოროლოგების ცნობით, ვალენსიაში სულ რაღაც რვა საათში 491 მმ ნალექი მოვიდა, რაც დაახლოებით წლიურ ნორმას შეესაბამება.