დღეს, 18 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი პროცესი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, მასზე საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერების ჩვენება გაგრძელდება.
საქმეებში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ წინა სხდომაზე დაიწყო, რომელიც 13 იანვარს გაიმართა. მასზე ის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, რომელშიც ზეევ ფრენკელი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ხვდება და მასთან მორიგების პირობების შესახებ მართავს მოლაპარაკებას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები