ესპანეთის ვალენსიის რეგიონში, ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რამდენიმე ცხედარი იპოვეს“, - განუცხადა რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა კარლოს მაზონმა ჟურნალისტებს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა არ დაუზუსტებია.
მისი თქმით, ვიდრე დაღუპულების ახლობლებს არ შეატყობინებენ, უფრო დეტალურ ინფორმაციას ხელისუფლება ვერ გაავრცელებს.
ესპანეთის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ძლიერი წვიმის შედეგად, მრავალი უბანი დაიტბორა, ასევე შეფერხდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.
ესპანური მედიის ცნობით, ზოგან ერთ დღეში იმდენი რაოდენობის ნალექი მოვიდა, რაც ჩვეულებრივად ერთი თვის განმავლობაში მოდის.
”ჩვენ უპრეცედენტო ვითარების წინაშე ვდგავართ, რომელიც არავის ახსოვს,” - თქვა მაზონმა.
გუშინ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვალენსიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ალბასეტეში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიკარგა.
გასულ ღამეს მაშველები მათ დრონების გამოყენებით ეძებდნენ.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვალენსიაში და ანდალუსიაში განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
ვალენსიის მერიამ განაცხადა, რომ სკოლის გაკვეთილები და სპორტული ღონისძიებები გაუქმდება ოთხშაბათს და ქალაქის პარკები დაიხურება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ის შეშფოთებით ადევნებს თვალს დაკარგულების შესახებ ინფორმაციას და დაზარალებული რეგიონების მაცხოვრებლებს მოუწოდებს, „მოერიდონ არასაჭირო მოგზაურობას“.